შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ახალდაბაში 19 აპრილს მომხდარი მკვლელობის უკან ქურდული გარჩევა დგას. წყაროს ცნობით, 48 წლის ვალერი ნაცვლიშვილის მკვლელობა შეკვეთილი იყო. მკვლელობაში ბრალდებულია და დაკავებულია მოკლულის თანასოფლელი, სურენა მაჭარაშვილი. ის წარსულში მრავალჯერ, მათ შორის, მკვლელობისთვის ნასამართლევია.
წყაროს ინფორმაციით, მაჭარაშვილი სასჯელს ქსნის კოლონიაში იხდიდა, სადაც ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებთან თანხა წააგო, ციხე კი ისე დატოვა, რომ ე.წ. თავანი არ ჩააბარა. ამის გამო ე.წ. კრიმინალური გაგების წრეში მაჭარაშვილს სახელი გაუფუჭდა. შაბათის ფორმულას წყაროს ცნობით, თავანის არ ჩაბარება - ნაცვლიშვილმა გაუვრცელა. შედეგად მეზობლებს შორის სიტუაცია დაიძაბა. ნაცვლიშვილმა მაჭარაშვილი რამდენჯერმე სასტიკად სცემა.
წყარო ამბობს, რომ ვალერი ნაცვლიშვილის მხრიდან დაბულინგებულმა სურენა მაჭარაშვილმა დახმარება ყოფილ თანასაკნელს, ვინმე კაზაევს სთხოვა. კაზაევმა ახალდაბელი ვალერი ნაცვლიშვილის დასასჯელად კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართა. საუბარია ორ დაპირისპირებულ კლანზე - შაქრო კალაშოვისა და მერაბ სუხუმსკის დაჯგუფებებზე. მოკლული ნაცვლიშვილი, მერაბ სუხუმსკის მეგობრის, ასევე ე.წ კანონიერი ქურდის, მამუკა კვიჟინაძის მეგობარი იყო.
თავად მოკლულის ოჯახი ვალერი ნაცვლიშვილის კრიმინალურ დაჯგუფებასთან კავშირს კატეგორიულად გამორიცხავს. მოკლულის ცოლი ამბობს, რომ ოჯახებს შორის დავა წლების წინ ბაღჩის გამო დაიწყო. 2004 წელს კი, როცა ვალერი ნაცვლიშვილის ძმა, გია ნაცვლიშვილი მოკლეს, გვარებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა. რადგან პოლიციამ მკვლელობისთვის სურენა მაჭარაშვილის ვაჟები და მათი მეგობარი პაატა როსტომაშვილი დააკავა.
მკვლელობას წინ უძღოდა კრიმინალების შეხვედრა ტრაპზონში, სადაც ნაცვლიშვილსა და მაჭარაშვილს შორის დავის მოსაგვარებლად ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები შეიკრიბნენ. სწორედ იქ მოხდა მკვლელობის ფაქტიც.
ვალერი ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მაჭარაშვილს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. თუმცა, მთავარ კითხვაზე - გამოძიება მხოლოდ მეზობლებს შორის კონფლიქტის მოტივს იძიებს თუ კრიმინალური ავტორიტეტების კვალზეც აპირებს გასვლას, პასუხი უწყებიდან შაბათის ფორმულამ ვერ მიიღო.